საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემონატის თარიღმა და შესაბამისად, ვაქცინაციის დაწყებამ რამდენიმე კვირით გადაიწია. ამის შესახებ მოსახლეობას ქართველმა ეპიდემიოლოგებმა და ინფექციონისტებმა აცნობეს. ეს იმ ვითარებაში გახდა ცნობილი, როდესაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ქვეყანას ჯერ კიდევ მთავრობის მოვალეობების შემსრულებელი შემადგენლობა ჰყავდა. ვაქცინაციის გადადება ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემაც დაადასტურა. ამას ხელისუფლებაში მსოფლიოში შექმნილი ვითარებით და ვაქცინის გლობალური დეფიციტით ხსნიან, თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას მაინც უმოქმედობასა და უნიათობაში და მოძიებული საერთაშორისო სახსრების არამიზნიბრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის 10 რიცხვამდე მაინც მიიღებს, ხოლო მოსახლეობის ნაწილის ვაქცინაცია შესაბამისად მარტის პირველი ორი კვირის განმავლობაში დაიწყება.

პირველ ეტაპზე კოვაქსის პლატფორმიდან „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეული რაოდენობის მიღებას ვარაუდობენ, მაგრამ ასევე სხვა ვაქცინების პირდაპირი შესყიდვის იმედი აქვთ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირდაპირ შესყიდვასთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, “ასტრაზენეკას” რამდენიმე დიდი მწარმოებლისთვის აქვს ლიცენზია მიცემული. ეს არის სამხრეთ კორეის ერთ-ერთი დიდი კომპანია, ასევე ყველაზე დიდი მწარმოებელი ვაქცინის სერომის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე კონტრაქტი ფორმდება „ასტრაზენეკას“ ლიცენზირებული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ ამ სამი გზით ქვეყანა კოვიდის ვაქცინას „დიდი ალბათობით მიიღებს“.

მისივე ინფორმაციით, მთავრობასთან ერთად შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც მაისის ბოლომდე ორჯერადად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას. ივნისიდან კი ქვეყანა მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციაზე გადავა.

ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები იმაზეც საუბრობენ, რომ საქართველოში ეპიდვითარების დარეგულირებისთვის მოსახლეობის 60% მაინს უნდა აიცრას. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს, თავისი დანაკარგებით, კოვიდის

საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 3,9 მილიონი დოზა სჭირდება. საწყის ეტაპზე კი 1,4 მილიონი დოზის მიღებას ვარაუდობს, რაზეც, გამყრელიძის თქმით, ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, და ეს რაოდენობა, მისივე მტკიცებით, „გარკვეულწილად გარანტირებულია“.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000 დოზა, რომელიც საქართველოს თებერვლის ბოლომდე უნდა მიეღო, სავარაუდოდ, ქვეყანაში მარტის პირველ კვირაში შემოვა.

„არის პერსპექტივა, რომ საქართველომ ეტაპობრივად მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა „ფაიზერის“ 30 000 დოზა, რომელიც უნდა შემოსულიყო სავარაუდოდ ერთი კვირით დაიგვიანებს“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინა მარტის პირველ კვირაში შეიძლება, შემოვიდეს. ხოლო თვის განმავლობაში ისევ კოვაქსის პლატფორმით საქართველო „ასტრაზენეკას“ გარკვეულ რაოდენობას მიიღებს, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული და 180-260 ათასამდე მერყეობს. კოვაქსის პლატფორმის გარდა, ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში დამატებით 150 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა, რომელზეც შეთანხმება მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელს შორის „პრაქტიკულად მიღწეულია“.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ასევე გამოეხმაურა ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, და მას ტყუილი უწოდა. მისივე თქმით, დღეისთვის ვაქცინაცია დაიწყეს მხოლოდ თურქეთმა და აზერბაიჯანმა და ატარებენ იმ ვაქცინით, რომელიც საქართველომ, უფრო ზუსტად, საქართველოს მოსახლეობამ, დაიწუნა. და ეს არის ჩინური ვაქცინა.

„ჩინური ვაქცინის გაგონება ჩვენთან ორი-სამი კვირის წინ არავის უნდოდა და მაშინ მთავრობამ თავი შეიკავა ჩინური ვაქცინის შემოტანისგან. არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტით მიდგომა, ერთი მხრივ, კატეგორიული უარი ჩინურ ვაქცინაზე და მეორე მხრივ, ნიშნის მოგებით ლაპარაკი, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო ვაქცინაცია. აზერბაიჯანმა დაიწყო იმ ვაქცინით, რომელიც ჩვენ დავიწუნეთ. სომხეთს არ დაუწყია ოფიციალურად, მან დაარეგისტრირა რუსული ვაქცინა, რომლის გაგონება მით უმეტეს არ უნდოდათ ჩვენებს, მისი ხსენებაც კი უდიდეს პროტესტს იწვევდა“, – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ საუბრისას.

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს არც ერთ მეზობელს ევროპული ან ამერიკული ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ დაუწყია.

რუსული და ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სოციალურ ქსელებშიც შეინიშნებოდა. თავის დროზე თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ვაქცინების გამოყენების შესაძლებლობაც დაუშვა, თუ ისინი აღიარებული იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროკავშირის მიერ. თუმცა ამ განცხადებას უკმაყოფილების და ეჭვების დიდი ტალღა მოჰყვა. ფეისბუქის მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ მთავრობა ევროპულ და ამერიკურ ვაქცინას მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის შემოიტანს, მოსახლეობას კი „უხარისხო და სახიფათო“ რუსული ან ჩინური ვაქცინით, „ჩუმად“ აცრის. ამ ეჭვების ფონზე ყველა საუბარი ალტერნატიული ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობაზე მაშინვე შეწყდა.

მოსახლეობის 60% ვაქცინაციის აუცილებლობაზე ქართველი იმუნოლოგებიც საუბრობენ, თუმცა კითხვაზე, მოესწრება ეს წლის ბოლომდე თუ არა, დაბეჯიტებით არ პასუხობენ.

იმუნოლოდ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საწყის ეტაპზე მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენის აცრა. ეს არიან 60-65 წელს ზემოთ ადამიანები და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.

„ამ ადამინების აცრას მაინც თუ მოვახერხებთ, რეალურად შეგვეძლება, რომ ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ, რადგან მარტო ერთადერთი ვალდებულება იქნება – პირბადის ტარება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, მოსახლეობის 60%-ის წლის ბოლომდე აცრა საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან 2021 წლის პირველი ორი თვე ისე გავიდა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც არ გაკეთებულა. თუკი ეს პროცესი მარტიდან მაინც დაიწყება, თვეში 400 ათასი აცრის გაკეთება მოუწევს, რაც, იმუნოლოგს ამ ეტაპზე არარეალურად მიაჩნია.

გარკვეულ დაბრკოლებას ამ ეტაპზე იმუნოლოგები მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებაშიც ხედავენ. დაგეგმილი ვაქცინაციის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურებით პასუხობენ. ამას იმ ვიდეორგოლების და ვერსიების პერიოდული გავრცელებაც უწყობს ხელს, სადაც მათი ავტორები ბილ გეითსის და გლობალისტების ე.წ. გეგმაზე და დედამიწის მოსახლეობის განზრახულ მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ და თავიანში მტკიცებულებებიც მოჰყავთ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის, ოპოზიციის პროტესტის, მკვეთრი პოლარიზაციის და მთავრობის გადაბარება-დამტკიცების მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოში ვაქცინაციის დაწყების და შესაბამისად არსებული შეზღუდვების სრულად მოხსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.