კვაჭი კვაჭანტირაძესნაირი პერსონაჟი ჰყავთ გამოყვანილი ილფს და პეტროვს თავის შესანიშნავ რომანში „ოქროს კერპი“. დიდმა კომბინატორმა ოსტაპ ბენდერმა თავისი ფირმის ნომინალურ ხელმძღვანელად დანიშნა  ზიცთავმჯდომარე ფუნტი. შეგახსენებთ, რომ ფირმამ რქების და ჩლიქების დასამზადებლად გამოიტანა ბანკიდან საკმაოდ დიდი თანხა, ხოლო როცა ფული შეიჭამა ზიცთავმჯდომარეს უკრეს თავი ციხეში. ფუნტისთვის ეს არ იყო მოულოდნელი ამბავი, ვინაიდან ამგვარი აფიორებისათვის ის მეფის დროსაც იჯდა, დროებით მთავრობის პერიოდშიც და ბოლშევიკებმაც იმავე გხას გაუყენეს.

 ოსტაპ ბენდერისა და მისი ზიცთავმჯდომარის ამბავი გამახსენა ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში თი-ბი-სი ბანკის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა. შეგახსენებთ, რომ გასული თვის შუა რიცხვებში ამ ბანკის დამკვირვებელთა საბჭოს აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მ. ხაზარაძემ მოულოდნელად მოიწვია ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ სახელმწიფო მთლიანობაში მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, მაგრამ ზოგი სახელმწიფო უწყება ქმნის პრობლემებსო. შემდგომ გაირკვა, რომ ამ სახელმწიფო უწყებაში იგულისხმება ქვეყნის გენერალური პროკურატურა, რომელმაც ჯერ კიდევ ამა წლის დასაწყისში ბანკიდან შესამოწმებლად ამოიღო დოკუმენტაცია.

ბანკის და პორტის ერთმანეთთან დაკავშირება ცოტა ძნელია, მაგრამ ყველაფერი გასაგები გახდება თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ თი-ბი-სი ბანკი ყოფილა მოწოდებული, რათა მოახდინოს ინვესტიციების აკუმულირება ამ პორტის მშენებლობისთვის. გამოძიების მონაცემებით გაირკვა, რომ 2008 წლის გაზაფხულზე ორმა ბიზნესმენმა თი-ბი-სი ბანკიდან გამოიტანეს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე საკმაოდ დიდი თანხა (17 მილიონი დოლარი) და გადასცეს ეს თანხა ბანკის ხელმძღვანელობას. გავიდა ცოტაოდენი დრო და ვალი უბრალოდ ჩამოწერილი იქნა. საქმეში ჩაერიასაქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც გამოავლინა კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტს, და სადამკვირვებლო საბჭოს დირექტორს და მის მოადგილეს ჩამოართვეს ხელმოწერის უფლება. ამის შემდეგ ბანკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ტოვებს ბანკს.

აქ თამაშში ჩაერთო ე. წ. ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ რ. გოცირიძემ გამოთქვა აზრი, რომ გენპროკურატურა არ დაანებებს თავს ამ საქმეს, ვინაიდან ეს არის პროპაგანდისტული ბრძოლის ერთერთი მეთოდი. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას სერიოზული საფრთხე ემუქრება და, სავსებით შესაძლებელია, რომ ის არ აშენდეს. მისი თანამოაზრე, პრზიდენტობის ექს-კანდიდატი და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გ. ვაშაძე კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი აზრით, პორტის მშენებლობის პროექტის ჩავარდნაში დაინტერესებულია ქვეყნის ფაქტიური მმართველი, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბ. ივანიშვილი. ამავე დროს ყოფილმა დიპლომატმა ბიზნესმენს „პატარა ცახესი“ უწოდა. შეგახსენებთ, რომ ეს ცახესი არის გერმანელი მწერლის ჰოფმანის რომანის პერსონაჟი, მახინჯი სულიერად და ფიზიკურად, რომელმაც გაურკვეველი გზით ჩაიგდო ხელში ქვეყნის სადავეები. 

ექს-მინისტრმა, ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა და პარლამენტარმა გამოამჟღავნა თავისი ერუდიცია (რაც არ უნდა იყოს ყოფილი კავშირის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტი დაამთავრა), და ამასთანავე პოლიტიკური ოპონენტის მიმართ საკმაოდ სასტიკი და დამამცირებელი განცხადებაც გააკეთა. მაგრამ ეს არ აკმარა და დაადანაშაულა მმართველი პარტიის მეთაური მტრის განზრახვების განხორციელებაში. აქაოდა, ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლა ჩრდილოელი მეზობლების გეგმებში შედიოდაო და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მათ დაკვეთებს ასრულებსო.

იგრძნო რა მხარდაჭერა,  აწ უკვე ყოფილმა ბანკის თავმჯდომარემ მყისვე  მისწერა წერილი თი-ბი-სი-ს თანამშრომლებს, რომელიც საჯარო განხილვის თემად აქცია ოპოზიციის რუპორად ქცეულმა ტელევიზიამ. ამ წერილის შინაარსი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ – ბანკის ხელმძღვანელობამ განიცადა ხელისუფლების მხრიდან არნახული ზეწოლა და ახლა თანამშრომლებმა ერთსულოვნად გვერდში უნდა დაუდგნენ მათ. ერთი სიტყვით, ფინანსისტი წავიდა, როგორც ბანქოს მოთამაშეები იტყვიან, ვა-ბანკზე. 

როგორც წესი, ამ ტიპის და ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანები გაურბიან პრესას და ერიდებიან ხისტ განცხადებებს. ამ პრინციპს ბატონი ხაზარაძე იცავდა მაშინაც კი, როცა ბატონმა ივანიშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ორმა ბანკმა (მათ შორის თი-ბი-სი-მ) შეჭამეს მთალი ქვეყანაო. ახლა კი ფინასისტებმა იგრძნეს რეალური საფრთხე და გადაწყვიტეს რისკზე წასვლა. მით უმეტეს, რომ მხარს ე.წ. ოპოზიცია უჭერს, ლიბერალური პრესა მუდამ მზადაა დაუთმოს ტრიბუნა … რატომ არ ვცადოთ ხელისუფლების დაშანტაჟება?

მერე რა, რომ პრემერი მ. ბახტაძე გამოვიდა და ყველას მოუწოდა თავი შეიკაონ ამ თემით სპეკულაციებისაგან, რომ თი-ბი-სი ბანკის საქმეს არავითარი კავშირი არააქვს პოლიტიკასთან. მთავარია ატყდეს აჟიოტაჟი, გამოვძებნოთ „მტრის ვერაგული ზრახვები“… ამასობაში კი ეს საქმე ჩაიფარცხება ან დამთავრდება ადმინისტრაციული ჯარიმით. ჩვიდმეტი მილიონი კი ხახვივით შეგვრჩება.

ოსტაპ ბენდერის დროს არ იყო არც ლიბერალური პრესა და არც დღევანდელი ოპოზიცია, თორემ ზიცთავმჯდომარე ფუნტი დღესაც არხეინად და, რაც მთავარია, თბილ სავარძელში მოკალათებული იქნებოდა.

ვალერი ჩხარტიშვილი

От Чхартишвили Валерий

Журналист, педагог