2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში  ამომრჩევლების საკმაოდ მაღალი აქტივობით მიმდინარეობს, რასაც საარჩევნო უბნებთან დილიდან წარმოქმნილი რიგებიც მოწმობს.

ცესკომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად  პანდემიის პირობებში  არჩევნების ჩატარების სპეციალური წესები შეიმუშავა. მათ შორის კლინიკებსა და კოვოდ-სასტუმროებში მყოფი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფის პროცედურები განსაზღვრა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, რომელმაც საკუთარი არჩევანი დილიდანვე გააკეთა, საარჩევნო უბნებზე დაცულია ყველა ის უსაფრთხოების წესი და რეკომენდაცია, რომელიც სამინისტრომ დაადგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. როგორც ცესკოს პრეს-სპირერმა ანა მიქელაძემ 31 ოქტომბერს პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა,  ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათისთვის მზად იყო  ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და  კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად დაიწყო. „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, მათ 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უკვე დაიწყეს ამომრჩევლების მომსახურება“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე მოსვლისას, ამომრჩეველს უნდა ეკეთოს პირბადე, მისი არქონის შემთხვევაში კი საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით.

მთელი დღის განმავლობაში არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი.

მისივე თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედია ორგანიზაციის  5 971 წარმომადგენელი.

დღეს 11 საათისთვის საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით ტარდება. გარკვეული პროვოკაციების მიუხედავად, რომლებსაც გარკვეულ უბნებზე ფიქსირდება, მთლიანად არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ამომრჩევლები სწორ არჩევანს გააკეთებენ და ხმას ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას მისცემენ.

 „ჩვენ დღეს ყველანი იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ – ეს ევროპული  და დემოკრატიული ქვეყანაა… დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება. გისურვებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღე!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევნები „ქართული ოცნების“დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება, ამიტომაც კოალიციური მთავრობა გამორიცხულია.

„ჩვენ მუდამ კვლევებს ვატარებთ. სტაბილური მონაცემები გვაქვს ყველგან. ვფიქრობთ, რომ 55-60% ავიღებთ… კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ვარაუდით, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“  დაახლოებით 100 მანდათი ექნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხმა დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს მისცა.

„ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკუთარ გამარჯვებაში და ხელისუფლების ცვლილებაში დარწმუნებულია ოპოზიცია,  რომელიც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო კარუსელების მოწყობაზე და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ამის საშუალებას ამჯერად არ მისცემს.

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მომავალი პარლამენტი „იქნება ძალიან მრავალპარტიული, იქნება ძალიან განსხვავებული და იქნება ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომელიც მას მოსწონს“.

საკმაოდ სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა საარჩევნო უბნებზე „ევროპულმა საქართველომ“, რაზედაც პარტიის ოფისში დილიდან გამართულ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორი მასშტაბური პრობლემა გამოიკვეთა.

„პირველი ესაა ხმის ფარულობის დარღვევა, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, დამკვირვებლები დგანან უბნებზე ურნებთან, რომ დაინახონ როგორაა შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მეორე დართვევა დაფიქსირდა ვაკის 54-ე და გურჯაანის 31-ე უბნებზე, სადაც „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, როდესაც ამომრჩეველს ბიულეტენს აძლევენ, ისე ახევენ, რომ მასზე ორი ნომერი მოხეულია.  

დარღვევებზე ასევე საუბრობენ პარტია „ლელოს“ დამკვირვებლები, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ოქმი და საჩივარი დაწერეს.

ოპოზიცია  იუწყება, რომ გარკვეულ საარჩევნო უბნებზე მობილიზებულია მანქანები კარტოფილითა და ხახვით, რომლითაც მმართველი პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას აპირებს.

მცირე დაპირისპირება და ჩხუბი „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტსა და „ქართული ოცნების“ და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის მოხდა  მარნეულის ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, თუმცა პოლიციის ჩარევის შედეგად ინციდენტი მალევე ამოიწურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები დილიდან მშვიდ ვითარებაში მინდინარეობს და სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია.

„ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე.

ქართველ ამომრჩევლებს მიმართეს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და აქტივობისკენ მოუწოდეს. კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ქართულად მიმართა.

„გილოცავთ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია, რომ შექმნილია მშვიდი ატმოსფერო თავისუფალი არჩევანისთვის“ – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემით ტარდება და მე-10 მოწვევის პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული და 30 დეპუტატი  მაჟორიტარული წესით აირჩევა.  საარჩევნო ბარიერი დაწეულია 1%-მდე და დაწესებულია ე.წ. ზღვარი, რომელიც „ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს“. ამ არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო სუბიექტების უპრეცედენტო რაოდენობა – 48 პოლიტიკური პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი.