ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო გამოსვლები საქართველოში არ წყდება, თუმცა მასშტაბურის ნაცვლად სულ უფრო ლოკალურ აქციებად იშლება.

ერთ-ერთი ასეთი აქცია პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ეგრედ წოდებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა ორი დღის წინ დაიწყეს. ეს იმ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, რომლებიც წლებია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  ორბიტაზე ტრიალებენ, „ნაციონალების“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად ითვლებიან და მათ მიერ მოწყობილ ყველა მცირე თუ მასშტაბურ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ „ სამოქალაქო აქტივისტების“ აქციის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი“  გადაწყვეტილება მიიღეს. იმ ფონზე, როდესაც უცხოელი დიპლომატები  არჩევნების შედეგად პარლამენტში გასულ ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლებასთან დიალოგისკენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებენ, „ნაცმოძრაობის“ და 1% ბარიერ გადალახული კიდევ 6 პარტიის წევრები საკუთარ აზრს არ ცვლიან. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ისევ გაყალბებულად აცხადებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ. 

ოპოზიციური ლიდერები ახლად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების ჩაშლასაც აპირებდნენ და აქციებითა და ე.წ. სირხცვილის დერეფნების მოწყობით იმუქრებოდნენ. თუმცა ამ მუქარებისადმი ელჩების უარყოფითი დამოკიდებულების გამო თავდაპირველი გეგმები შეცვალეს და იმ დღეს, როდესაც მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას გახსნის, ოპოზიცია მეტეხის ტაძრის ეზოში შეიკრიბება და სამ „მნიშვნელოვან“ დოკუმენტს მოაწერს ხელს.  ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ, ბანკირების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტია „ლელოს“ ოფისში გამართული მორიგი „კონსულტაციების“ შემდეგ  გაახმოვანეს.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აცნობა, პირველი დოკუმენტის ხელმოწერით „მთლიანი ოპოზიციური სპექტრი“ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს და საკუთარ მოთხოვნებს ჩამოაყალიბებს. ესენია – ხელახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.  მეორე დოკუმენტით პოლიტიკური პარტიის ლიდერები უარს განაცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და „გაყალბების“ დაკანონებაზე. ხოლო მესამე დოკუმენტი იქნება განაცხადი იმის შესახებ, რომ არც ერთი ხელმომწერი პარტია არ მოახდენს იმ დეპუტატების ჩანაცვლებას, რომლებიც უარს განაცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე.

ბაქრაძის განმარტებით, ამ დოკუმენტების ხელმოწერა იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური პოლიტიკური აქცია“, რომლითაც ოპოზიცია აპირებს დაანახოს მოსახლეობას, რომ ამ არჩევნების შედეგად „ქვეყანამ, სამწუხაროდ, ერთპარტიული პარლამენტი მიიღო“. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ასეთი გზით ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გაზაფხულზე ხელახალი არჩევნებით დასრულდება. ამ არჩევნების შედეგად კი ხელისუფლება ოპოზიციის ხელში გადავა. 

ამ „დიდ“ ოპოზიციურ ერთობას არ უერთდება „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მმართველ პარტიას გაყალბებაში და საკუთარი ხმების მითვისებაში ადანაშაულებს. თუმცა სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც დანაშაულებრივ ძალად მიიჩნევს, ყოველგვარ თანამშრომლობას გამორიცხავს და ბრძოლის საკუთარ გზას მოჰყვება.

თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სამოქალაქო აქტივისტებმა   რამდენიმე კარავი გაშალეს და ორი ღამეც უკვე გაათენეს. ისინი აცხადებენ, რომ  აქ ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე დარჩებიან და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

„სამოქალაქო აქტივისტები“ სიტყვა-სიტყვით ოპოზიციის მოთხოვნებს იმეორებენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ხელახალი არჩევნების ჩატარებას და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო შემოღებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მათი გაუქმებისკენ მოუწოდებენ. 

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც თავდაპირველად აქტივისტებს პროტესტის გამოხატვაში ხელს არ უშლიდა, კომენდანტის საათის მიუხედავად, რომელიც ქვეყანაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედენს, ქუჩაში ღამის გათენების გამო არავინ დაუჯარიმებია. თუმცა რამდენიმე დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მაინც მოხდა. 2 დეკემბერს, საღამოს, სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს“ აქტივისტებმა „გათბობის“ მიზნით შეშით მომარაგება ისურვეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მცირერიცხოვანმა, თუმცა ხმაურიანმა აქციებმა რეგიონებიც მოიცვა. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.  აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლში შეჭრაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ეს მცდელობები აღკვეთა. მომიტინგეებს საპროტესტო შინაარსის წარწერებიანი ბუშტების გაშვება უნდოდათ, რაც სამართალდამცავებთან კიდევ ერთ  დაპირისპირებაში გადაიზარდა და   „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრის დაკავებით დასრულდა. 

აქცია ბათუმის მთავრობის სახლთან გრძელდება. მას გამოხმაურება თბილისშიც მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე ე.წ. ბუშტების აქცია მიაწყო.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, თბილისში პოლიციელები მას ბუშტებით ხელში დგომას ხელს არ უშლიან, ბათუმში კი ამისთვის „დიდი ბრძოლა გაიმართა“.

„ჩვენც ვუერთდებით და ვართ სოლიდარულები, ამიტომ დავაწერეთ “მონა რიჟვაძე” ამ ბუშტებს. რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანის სახელია, რომლის დაწერაც ამ ბუშტებზე შეიძლება, მაგრამ დღეს, უშუალოდ, ბათუმის აქციას ეძღვნება,”-განაცხადა ხოშტარიამ მის მიერ თბილისში მოწყობილ აქციაზე. 

მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტი პირველ სხდომას, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს, რომელიც სხდომის დანიშვნის შესახებ აქტს გამოსცემს. მანამდე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს.

ოპოზიციურ ერთობაში კი უკვე პირველი ბზარიც გაჩნდა. ჯერ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში შესაძლო შესვლაზე ალაპარაკდა. ამისთვის, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნების ნაცვლად რაიმე ალტერნატიული წინადადება უნდა წარმოადგინოს. 

კონკრეტულ წინადადებებს ხელისუფლებისგან პარტია „მოქალაქის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილიც ელოდება და აცხადებს, რომ „კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს“.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. ოპონენტებს კი მეტი კონსტრუქციულობისკენ და საკუთარი ამომრჩევლების მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდებს. 

ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში პირველად, ამ არჩევნების შედეგად, 1% ბარიერის პირობებში, 9 პარტიისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო იქმნება. ექსპერტთა ნაწილი მრავალპარტიული პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებს და განმარტავს, რომ არსებულ სიტუაციაში ოპოზიციის მოთხოვნებს კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, „ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში“, ხოლო „რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტისვადამდე დათხოვნიდან არაუადრეს 45-ე დღისა დაარაუგვიანეს მე-60 დღისა“. პირველ შემთხვევაში არჩევნების თარიღს ადგენს ცესკო, ხოლო მეორე შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.