სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 10 დეკემბერს დაგეგმილი მოლაპარაკებების მეხუთე (და როგორც ორივე მხარე ამბობდა, გადამწყვეტი) რაუნდი არ შედგა. მიზეზად კი მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ წინა დღეს გაკეთებული, ოპოზიციის თქმით, მუქარის შემცველი განცხადება დასახელდა.

9 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პარტიის ახალი გადაწყვეტილება აცნობა. ამ გადაწყვეტილებით, „საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინენსებას ვერ მიიღენებ პარტიები, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში.

ასე გამოეხმაურა „ოცნებამ“ ოპოზიციის განცხადებებს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული დაფინანსების მიღებაზე უარსაც არ ამბობენ.

ამავე გადაწყვეტილებით, „ქათული ოცნება“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ჰპირდება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესსა და შედეგებს შეისწავლის. თუკი კომისია „ქარული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც ერთპროცენტიან გადახრას გამოავლენს, მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს, თქვა კობახიძემ.

ამის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა „ოცნებასთან“ მორიგ შეხვედრასა და მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მომავალი ორშაბათისთვის გადაიდო. სპეციალური ბრიფინგი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერებმა მიუძღვნეს და განმარტეს, რომ „ასეთი განცხადებები მოლაპარაკებების ატმოსფეროს ანგრევს“. მათივე თქმით, ასეთ ვითარებაში შეხვედრა „ძალიან დაძაბული და არაპროდუქტიული იქნებოდა“, ამიტომაც ოპოზიციამ მისი ორშაბათისთვის გადადება გადაწყვიტა.

უცხოელი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მთელი პროცესი ისედაც დაძაბული და უშედეგო იყო. ბოლო დროს ოპოზიციის მხრიდან გარკვეული პოზიტიური მესიჯებიც გაისმა, და ზოგიერთი პოლიტიკოსი შესაძლო შეთანხმებაზეც ალაპარაკდა.

თავიდან პარლამენტში შესაძლო შესვლაზე მინიშნებებს „გირჩის“, „სტრატებია აღმაშენებლის“ წევრებიც აკეთებდნენ, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიერ კონტროლირებადი „მთავარი არხის“ მხრიდან გახსნილი ღია მუქარებისა და ზეწოლის კამპანიის გამო, რომელმაც ასევე სხვა ოპოზიციური ტელეარხები და სოციალური ქსელების სივრცე მოიცვა, უკან დახევა მოუწიათ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული ძალა, რომელიც ყველა ოპოზიციურ სპექტრს აშინებს, აკონტროლებს და მართავს და ხელს უშლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ოპოზიციის მიერ ჩაშლილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამჯერად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს – გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილს „საგამოძიებო კომისიის შექმნის და არჩევნების შედეგების გადასინჯვის შეეშინდა“. მისივე თქმით, მმართველი პარტია ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, „თუ ამის ინტერესი არსებობს“.

კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ სთავაზობდა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ მორიგი ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო. მეტეხის ტაძრის ეზოს მაგივრად, სადაც ოპოზიცია თავდაპირველად საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმას და ამასთან დაკავშირებული 3 განცხადების ხელმოწერას აპირებდა, ისინი 11 დეკემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის შენობასთან ახლოს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას გააფორმებენ. ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს 4 პარტია – „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და“ლელო“. ჯერჯერობით უცნობია პარლამენტში გასული კიდევ 4 ოპოზიციური პარტიის გეგმები. „გირჩი“ დაშლის პირას იმყოფება, ხმას არ იღებს ლეიბორისტული პარტია, რომელსაც ამ არჩევნების შედეგად პირველად 1 მანდატი ერგო, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების მიუხედავად „ნაციონალებთან“ და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთ გუნდში ყოფნას და ერთად ბრძოლას არ აპირებს. რყევები შეიმჩნევა ასევე ალეკო ელისაშვილის მოძრაობა „მოქალაქის“ რიგებში. თუ თავიდან ის „ნაცმოძრაობის“ გვერდით იყო და პარლამენტში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებული ზოგიერთი წინადადება მოსწონს და მასში შეთანხმების შესაძლებლობას ხედავს. მათ შორისაა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ამჯერად ელისაშვილი კრიტიკის ისრებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს უმიზნებს და პარტიის ლიდერებს „მავნებელ და ბნელ“ ძალას უწოდებს, რომელიც პირველივე დღიდან მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ცდილობდა.

ელისაშვილის თქმით, მიღწეულია ისტორიული შეთანხმება, როდესაც ოპოზიციის ყველა მოთხოვნა კმაყოფილდება, მაგრამ „ბოკერია-უგულავას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოაწერს, და მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს“.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება თავიდანვე ოპოზიციის მოთხოვნა იყო. ამასთან ერთად, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.

მმართველი პარტია საკუთარ წითელ ხაზებს ავლენს და აცხადებს, რომ ეგრედ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს, რადგან ასეთები ამჟამად არ არსებობს. ხელახალ არჩევნებს რაც შეეხება, ამ საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში სთავაზობს, დაადგენს, რომ არჩევნების შედეგები მმართველი პარტიის სასარგებლოდ თუნდაც 1%-ით გაყალბდა.

უკმაყოფილება ელისაშვილის მიმართ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან უკვა გამოითქვა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში დაასკვნია, რომ „ბატონი ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად ნებისმიერ საბაბს ეძებს“. მისივე თქმით, ყველა, ვინც 11 დეკემბერს არ მოაწერს ხელს საერთო ოპოზიციურ განცხადებას, „ის ივანიშვილის თამაშს თამაშობს“.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უკმაყოფილება უცხოელი ელჩების მიმართაც არაერთხელ გამოხატეს და ხელისუფლებასთან გარიგებაშიც ბრალი დასდეს. ამის მიზეზი უცხოელი დიპლომატების მხრიდან პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობის შესახებ არაერთი განცხადება გახდა.

ოპოზიციის ბრალდებებს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში უპასუხა და განაცხადა, რომ ”არც ერთ დიპლომატს საკუთარი თავი ძალით არ შეუთავაზებია და ეს არც მომავალში მოხდება. ჩვენ ისევ და ისევ მოგვმართავდნენ ოპოზიციური პარტიები გასული წლების განმავლობაში, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური ოპოზიცია და თქვენ დიპლომატებმა უნდა დაგვეხმაროთ“.

ოპოზოციის ტაქტიკასთან დაკავშირებით ქართულ საექსპერტო საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დგას და ბოლომდე უნდა მიჰყვეს ამ გზას, რათა მთელ მსოფლიოს „ქართული ოცნების“ არადემოკრატიულობა დაუმტკიცოს. მეორე ნაწილი კი ოპოზიციას დესტრუქციულობაში ადანაშაულებს და

აცხადებს, რომ პარლამენში არშესვლით ისინი არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ, არამედ საქართველოს კონსტიტუციასაც უხეშად არღვევენ.

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ადრე თუ გვიან ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა. ორაკლი კობახიძის განცხადებით, მე-9 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში თითქმის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, და ასეთი მიდგომა აუცილებლად უნდა დასრულდეს.

მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას 11 დეკემბერს 12 საათზე დაიწყებს. უკვე ცნობილია სხდომის დღის წესრიგიც. თუმცა ბოლომდე უცნობი რჩება რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციების გეგმები. მანამდე ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის სხდომის ჩაშლით და დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობით იმუქრებოდნენ.