საქართველოში კორონავირუსის გავრჩელებასთან დაკავშირებით სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება, რასაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები ადასტურებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 19 იანვრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსზე 17 400-მდე კვლევა ჩატარდა და მხოლოდ 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 5 ათასს აჭარბებდა. მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამაში შემოღებული მკაცრი შეზღუდვების და მოსახლეობის უმეტესობის მიერ მოთხოვნების დაცვის შედეგებს ხედავენ. როგორც კოვიდთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, ბოლო კვირების განმავლობაში საშუალო დადებითობის (დადასტურებული შემთხვევების პროცენტული თანაფარდობა ტესტირებულთა რაოდენობასთან) მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლო. როგორც ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ბოლო თვის დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 11.3%-ს, ბოლო ერთი კვირის კი 8,3%-ს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დეკემბრის პირველ დეკადაში ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.
„ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში მილიონ მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, თუმცა დღეს უკვე ჩვენ ევროპის სადღაც შუაგულში ვართ და ყველა მრუდი მოდის ქვემოთ. მივდივართ სტაბილიზაციისკენ“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ, თუმცა აქვე დასძინა, რომ ასეთი კლება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და მოსახლეობას ისევ პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
სიტუაციის სტაბილიზაციის პარალელურად მთავრობამ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაიწყება და მოსახლეობის 60% მოიცავს. ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდება.
„შევიმუშავეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩო , რათა საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიცირებაც განხორციელდა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორია ქვეყანის მზაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობაც, რათა ვაქცინის მიმართ სანდოობა გაიზარდოს,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველო პირველ ეტაპზე „კოვაქს პლატფორმის“ მეშვეობით „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმებას „ასტროზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინების მიწოდებაზეც მიაღწიონ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 18 იანვრის სხდომის შემდეგ უფრო ვრცელი განმარტებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, 3,9 მილიონი ვაქცინის დოზაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინაცია 700 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდეს. გეგმის მიხედვით, პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი, შემდეგ „ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების“ ბენეფიციარები და პერსონალი და 75 წლის ზემოთ ასაკის პირები. შემდეგ მოხდება 65-დან 74 წლამდე პირთა ვაქცინაცია. მეორე ეტაპზე აცრას დაექვემდებარებიან სტრატეგიული და ბაზისური სერვისების მიმწოდებლები, რომელთა გარეშეც, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. შემდეგ მოხდება 55-64 წლის ასაკის პირთა ვაქცინაცია, და ბოლო ეტაპზე დარჩება 18-54 წლის ასაკობრივი ჯგუფი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ჯამურად კი მოსახლეობის ეს რაოდენობა 700 ათასს შეადგენს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სამივე ეტაპის დასრულებას ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავენ.
საქართველომ „კოვაქსს“ მთლიანობაში მილიონნახევარი დოზა ვაქცინა უნვე შეუკვეთა. შესაბამისი წერილობითი მიმართვა 18 იანვარს გაიგზავნა. თუმცა მისი შემოტანა ეტაპობრივად მოხდება და საწყის ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინის 20 000 დოზას მიიღებს.
„მილიონნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება, მოხდება ეტაპობრივად, ქვეყანა პირველ ნაწილს რომ აითვისებს, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები, ანუ წყვეტა არ იქნება“ — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ვაქცინის შენახვის პირობებს, მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ეს საკითხიც მოგვარებულია და „სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა“. გამოყოფილია სპეციალური სამაცივრე მეურნეობაც.
მთავრობის წევრები ასევე ირწმუნებიან, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც შემოვა ქვეყანაში, ხარიახიანი, უსაფრთხო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იქნება.
თუმცა მოსახლეობის ნდობა ვაქცინაციის მიმართ საკმაოდ დაბალია, და როგორც პირად საუბრებში, ისე სოციალურ ქსელებში ურთიერთობისას, ბევრი ამბობს, რომ აცრის გაკეთებას არ აპირებს.
„ჯერ მინისტრებმა და პრემიერ-მინისტრმა გაიკეთონ, ჩვენ კი დავაკვირდებით. მაგრამ ისიც არაა სანდო. ვინ იცის, ვის რა პრეპარატით აცრიან“, — გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. ამ წინააღმდეგობის
გადალახვას ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით აპირებენ. მთლიანობაში კი სამინისტროს და სპეციალისტების მიერ შემუშავებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი.
„საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
პანდემიის ფონზე საქართველოს მთავრობა გასული წლის 28 ნოემბერს შემოღებული შეზღუდვების გაუქმებას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ მათი შემსუბუქება 1 თებერვლიდან ეტაპობრივად დაიწყება. თუმცა კონკრეტული გეგმა ამ მხრივ ჯერ არ არსებობს და მთავრობა ამ გეგმას ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად შეადგენს.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი“, — აცხადებენ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მსხვილი სავაჭრო ცენტრები — მოლები და ბაზრობები მხოლოდ თანამშრომლების ტესტირების შემდეგ გაიხსნება და ტესტირებას პირველ ეტაპზე სახელმწიფო დააფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ეს იქნება ამ ობიექტების გასხნის წინაპირობა. პირველი ფართო ტესტირება იანვარში ჩატარდება, ხოლო შემდგომი შემოწმების დაფინანსებისთვის სხვადასხვა, მათ შორის კერძო სექტორის მექანიზმებიც ამოქმედდება, რაზეც ცალკე მსჯელობა გაიმართება, აღნიშნა ფერაძემ.
რაც შეეხება მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ გაჩერებულია, ეპიდემიოლოგების რჩევით, მის ამუშავებას შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე გეგმავენ. ასეთი „დაპირებები“ კი მოსახლეობაში უარყოფით განწყობებს და მთავრობის მიმართ კრიტიკას კიდევ უფრო აძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირეველი შემთხვევა საქართველოში ოფიციალურად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ზაფხულის ბოლომდე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილური რჩებოდა და დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდებოდა. თუმცა ვითარების მკვეთრი გაუარესება სექტემბრის ბოლოდ დაიწყო, ხოლო 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რის გამოც ნოემბრის ბოლოდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. 2021 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის
249 465 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 235 130 ადამიანი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2973-ს მიაღწია.