კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების მომდევნო შემსუბუქება საქართველოში დაგეგმილზე ადრე, 8 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახემ მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად კი კოვიდით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლება დაასახელა.

„ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, 8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნება ყველა ბაზრობა.  თუმცა ძალაში დარჩება ე.წ. „კომენდანტის საათი“, რომელიც მოქმედებს 21:00-დან 05:00 საათამდე.  ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირასაც.

„მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად ბაზრობები, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეზღუდვების შემსუბუქების  მომდევნო ეტაპია 15 თებერვალი, როდესაც საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ყველა სკოლა და ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.  15 თებერვლიდან ასევე გაიხსნება კვების ობიექტები და რესტორნები, რომლებიც მომხმარებლებს მხოლოდ ღია სივრცეში მოემსახურებიან.

„შეზღუდვების შემსუბუქება 15 თებერვლის შემდგომ და მათი კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე შევძლებთ, ჩვენს მოქალაქეებს ასევე ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები მოიხსნება”, –  აღნიშნა პრემიერმა.

მან  თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას, ბიზნესის წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს არსებული წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.  ამის შესრულებას მთავრობა გარკვეული სანქციების გამკაცრებით აპირებს. 

„როდესაც, მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ მოიგონა უფრო ეფექტური რამ პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე და დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაციაა,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედ შეზღუდვებს მიზანმიმართულად დაარღვევენ, ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტებით.

„გარდა ამისა, ისინი ვეღარ მიიღებენ მომავალში მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი მიდგომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

ბიზნესის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებასთან ერთად, მთავრობა იმ პირობების შემსუბუქებასაც აპირებს, რომელთა საფუძველზეც მეწარმეები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას იღებენ. ეს საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებასაც შეეხება.

„6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა საბანკო სესხის პროცენტის  80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ჩვენ ვამსუბუქებთ ამ ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, კვების ობიექტების გარდა, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება   სპორტულ ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებსაც შეეხება.  

შეზღუდვების შემსუბუქების დაჩქარება მოსახლეობის ნაწილმა იმ საპროტესტო აქციას დაუკავშირა, რომელსაც რესტორნების მფლობელთა ჯგუფი 6 თებერვლისთვის გეგმავდა. ჩაკეტილ პირობებში შემოსავლების გარეშე და ბანკების კრედიტების პირისპირ დარჩენილმა რესტორატორებმა ე.წ. დაუმორჩილებლობის კამპანია ჯერ კიდევ სოციალურ ქსელებში დაიწყეს, შემდეგ კი საჯარო და მედია-სივრცეში რამდენიმე განცხადება გააკეთეს. ამ ინიციატივას 200-მდე რესტორანი შეუერთდა და 6 თებერვალს პროტესტის ნიშნად თვითნებურად გახსნა და მომხმარებელთა მიღება გადაწყვიტეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის თქმით, დაუმორჩილებლობა მათი თვითმიზანი  არ არის. მთავარია მათთვის სამართლიანობის აღდგენა და რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელება. 

დაიწყებენ თუ არა რესტორატორები დაუმორჩილებლობის აქციას 6 თებერვალს, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარდამჭერთა ნაწილი სოციალურ ქსელებში ისევ მოუწოდებს მათ, არ დანებდნენ და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე.

საკუთარ დამსახურებად  და გამარჯვებად გამოაცხადა შეზღუდვების შემსუბუქება ოპოზიციამ და მასთან ასოცირებულმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა. ისინი უკან დახევას არ აპირებენ და 6 თებერვალს ისევ დაუმორჩილებლობის აქციის დაწყებას გეგმავენ.

სპეციალური განცხადება შეზღუდვებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს და საქართველოს მთავრობას კომენდანტის საათის გაუქმებისკენ მოუწოდეს.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი დაუმორჩილებლობის ამ კამპანიას ოპოზიციის გეგმებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ ამ აქციების სათავეში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელსაც 2003 წლის მოვლენების განვითარება და რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა სურს.

„ნაცების სატელიტი მოძრაობა „სირცხვილია“ და „კმარას“ ანალოგი სხვა ახალგაზრდული დაჯგუფებები „სამოქალაქო აქტივისტებს“ რომ უწოდებენ თავს, საპროტესტო აქციებს იწყებენ. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლებისთვის „კბილის მოსინჯვა“ და რევოლუციური სცენარის რეპეტიციაა. რესტორატორთა პროტესტიც ამავე სცენარის ნაწილია. მერე პროტესტს დაიწყებს „ნაცებთან“ ასოცირებული ექიმების ჯგუფი და მათი მომხრე სხვა დარგების წარმომადგენლები, ისევე როგორც 2003 წელს“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურ სტატისტიკას რაც შეეხება, ბოლო დღეების განმავლობაში გაზრდილი ტესტირების პირობებში სახეზეა ახალი შემთხვევების მკვეთრი კლების ტენდენცია .

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 16 800-ზე მეტი კვლევა ჩატარდა, საიდანაც  კორონავირუსით ინფიცირება 538  შემთხვევაში დადასტურდა. ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 261 018-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 252 246 ადამიანი, მათ შორის 498 – ბოლო 24 საათში. გადრაიცვალა კიდევ 18 პაციენტი და ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 3258 შეადგინა. დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი 3,2%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ მკაცრი შეზღუდვები საქართველოში 28 ნოემბერს, მას შემდეგ შემოიღეს, რაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოხდა. ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად 4-5 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. შემსუბუქების პირელი ეტაპი მთავრობამ 1 თებერვალს დაიწყო.  ყველა დიდ ქალაქში, თბილისის, რუსთავსა და ქუთაისის გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა, გაიხსნა სკოლები და სავაჭრო ცენტრები. დაიწყო რეგულარული ფრენები სხვადასხვა მიმართულებით. შემდგომი შემსუბუქება 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მთავრომამ შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების  გადაწყვეტილება მიიღო.