8 თებერვლიდან  რიგი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ვითარება თბილისსა და რეგიონებში საგრძნობლად, თუმცა არასახარბიელოდ შეიცვალა. მთელი დღის განმავლობაში ქუჩებში აშკარა ხალხმრავლობაა, ბევრს არც პირბადე უკეთია და არც სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობს.

რიგებია იმ მაღაზიებთან, სადაც მცირე ფართის გამო შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელს უშვებენ. თვით მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში კი პერსონალი წესების დაცვას აკვირდება და დამრღვევებს შენიშვნებს აძლევს.

დილას და საღამოს, ე.წ. პიკის საათებში, გადავსებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეთა ნაწილი აქაც წესების დარღვევას ახერხებს და პირბადის გარეშე მგზავრობას ცდილობს.

თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე, ძირითადად სანაპიროზე, დღის განმავლობაში ისევ იქმნება საცობები, რომელთა განტვირთვას საპატრულო პოლიცია ცდილობს. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებაა. დედაქალაქში ამუშავდა როგორც მეტროპოლიტენი, ისევ ავტობუსები და მიკროავტობუსები. შედეგად კი ტაქსით მგზავრობა საგრძნობლად გაიაფდა.

ხალხის ასეთი სითამამე და წესების დაუცველობა იგრძნობა ყველგან, რაზეც მოქალაქეთა უფრო პასუხისმგებლიანი ნაწილი შეშფოთებას არ მალავს.

„ნეტავ არ მენახა ის, რაც ხდებოდა. არავითარი დისტანცია, არანაირი პირბადე“, – დაწერა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულების შედეგად საქართველო კოვიდის მორიგ, უკვე მესამე ტალღას მიიღებს.

თუმცა მოქალაქეთა მეორე ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქებას მიესალმება და აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედება სამართლიანი და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, რადგან უმუშევრად დარჩენილი ხალხი ამ ჩაკეტილ ვითარებაში დიდხანს ვერ გაძლებს.

„კბილის ექიმთან ვიზიტი მქონდა დაჯავშნილი. ტრანსპორტი ჯერ არ მუშაობდა, ტაქსიმ კი  მაშინ 10 ლარი გადამახდევინა. გახსნის შემდეგ, მეორე ვიზიტისას,  იმავე გზაზე 5 ლარი გამომართვეს. უკან კი ავტობუსით დავბრუნდი. რამხელა შეღავათია!“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

შეზღუდვების ბოლომდე მოხსნას ითხოვს მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ამ მიზნით ისინი თბილისსა და რეგიონებში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. ფორმალურად აქციების ორგანიზატორები ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები არიან. თუმცა რეალურად ისინი ისევ იმ ოპოზიციის მხარდამჭერები და თანამოაზრეები არიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძვის.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დედაქალაქში შექმნილ ვითარებაზე რამდენიმე განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა. ამ საკითხს 10 თებერვლის მთავრობის სხდომაზეც შეეხო და კიდევ ერთხელ დაწესებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წარმოქმნილი პრობლებემის გადასაჭრელად კახა კალაძე ახალი გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამორიცხავს. ძირითადი აქცენტი მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოვლენილ დარღვევებზე გააკეთა.

„რამდენიმე დღეა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ეპიდემიოლოგების მხრიდან გვაქვს ძირითადი მოთხოვნები, რომელიც მგზავრმა ტრანსპორტში ასვლისას უნდა დაიცვას. ეს არის პირბადის ტარება, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. რაც შეეხება სტატისტიკას რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, 524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ; 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნევა ხალხმრავლობა, რაც  ქუჩებში საცობების წარმოქმნის პირდაპირი შედეგია. მერის განმარტებით, საცობი აფერხებს ავტობუსების გადაადგილებას, გაჩერებებზე კი ამ დროს ხდება ბევრი ადამიანის თავმოყრა. თუმცა დღის სხვა პერიოდში საზოგადოებრივ ტრანსპირტში გადატვირთულობა არ შეინიშნება. კახა კალაძის თქმით, ზოგადად საცობები თბილისისთვის ახალ პრობლემას არ წარმოადგენს, და ამჯერად მის გადასაჭრელად მერია ახალი გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს.

„ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

შეზღუდვების მორიგი შემსუბუქება საქართველოში 15 თებერვალს მოხდება. სწავლა ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში გაგრძელდება, კვების ობიექტებს ღია სივრცეში სტუმრების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ჯერჯერობით ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვები, როდესაც ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, რესტორნები კი ისევ გატანაზე იმუშავებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოგადი ეპიდვითარება ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილის მოხსნის შემდეგ არ გაუარესებულა. 10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე მეტი – 226 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა.  შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი 9 თებერვლის მდგომარეობით  2,98% შეადგენდა. ბოლო 14 დღის მანძილზე კი 3,64% იყო.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 თებერვლისთვის შეადგენს 263 601-ს. აქედან გამოჯანმრთელდა 255 385 პაციენტი, კორონავირუსს ჯამში 3 311 ადამიანი ემსხვერპლა.