საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ (რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერია და შესაბამისად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია) პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები და ახალი სამთავრობო პროგრამა 18 დეკემბერს წარუდგინა.

პარლამენტში შემოსული დოკუმენტების თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მინისტრი იცვლება. თეა წულუკიანის ნაცვლად, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად დეპუტატის მანდატი მოიპოვა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ამ პოსტზე გიორგი გახარიამ კანონმდებლებს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესღავაზა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ბოლო წლების განმავლობაში ამავე უწყებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, გოჩა ლორთქიფანიძე 1991-2005 წწ.-ში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, წინა ხელისუფლების დროს, 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და 2013 წლამდე საქმიანობას ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში აგრძელებდა. 2013 წელს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლედ აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურა ნიუ-იორკში 18 დეკემბერს გვიან ღამით ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენელი ამ თანამდებობაზე პირველად აირჩიეს. თბილისში ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საწმეს იძიებს.

ამ ფაქტს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია!“

დარჩება თუ არა გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად ამ თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ის პარლამენტის წინაშე მინისტრობის კანდიდატის სახით წარსდგება.

ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებდნენ. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკატერინე ტიკარაძის შესაძლო გადაყენების ან მთავრობის მეთაურად მისი შესაძლო გადაყვანის შესაახებ, თუმცა მასმედიის და ოპოზიციის არც ერთი პროგნოზი და ვარაუდი არ გამართლდა. იუსტიციის მინისტრის გარდა სხვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არ განხორციელებულა. მთავრობის ახალი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

მმართველ გუნდში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო ახალ რეფორმირებაზე და ორ უწყებად ჩამოყალიბებაზეც ალაპარაკდნენ, რადგან განათლებისა და კულტურის სფეროების ერთი მმართველობის ქვეშ მოქცევამ იმედები არ გაამართლა, თუმცა სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის საკითხი ახალმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს ახალი სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარედგინა.

ახალი კორონავისურით გამოწვეული კრიზისის პირობებში 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამის ძირითად მიზნად „პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა“ განისახღვრა.

ამასთან, გაგრძელდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა და ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ხოლო შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა „იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის“.

ამ მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობის მთელი ძალისხმევა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონცენტრირებული იქბება ოთხ ძირითად მიმართულებაზე: 1) საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, 2) ეკონომიკური განვითარება, 3) სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის

განვითარება და 4) სახელმწიფო მმართველობა. პროგრამაში ვრცლად განმარტებულია თითოეული მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები.

პარლამენტის ბიუროს 18 დეკემბრის სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობის და ახალი სამთავრობო პროგრამის განხილვის პროცედურა და გრაფიკი დამტკიცდა. 21 და 22 დეკემბერს სამთავრობო კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმენენ. 23 დეკემბერს მინისტრთა კომიტეტის შემადგენლობა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წინაშე წარსდგება. ხოლო 24 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და ნდობას გამოუცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მთავრობის ახალ შემადგენლობას და ახალ სამთავრობო პროგრამას, რითაც მთავრობის ფორმირების პროცესი დასრულდება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით დასახელებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტების აზრით, ძველი სახეების ნომინირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება და მისი არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი „არაფრის სწავლას არ აპირებს“. ამის შესახებ საკითხის კომენტირებისას, ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავრობის ახალ შემადგენლობას ისევ „ძველი-ახალი მთავრობა“ უწოდეს.

მინისტრთა კაბინეტის და სამთავრობო პროგრამის განხილვა-დამტკიცების პროცესში მონაწილეობას პარლამენტში არჩეული არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ აპირებს. როგორც ცნობილია, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა მხარეებს ისევ მოლაპარაკებების ფორმატში სადავო საკითხების გადატანა შესთავაზეს. ახალი პარლამენტის შეკრებამდე მხარეებს შორის დიალოგის ოთხი რაუნდიც გაიმართა, თუმცა პოზიციების დაახლოება არ მომხდარა. ოპოზიცია ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, მმართველი პარტია კი მას პარლამენტში შესვლას და დიალოგის საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელებას სთავაზობს.

აღჩევნების შედეგად პარლამენტში სულ 9 პარტია და ბლოკი გავიდა. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით 60, მაჟორიტარული წესით კი 30 მანდატი მოიპოვა. დანარჩენი 60 მანდატი 8 ოპოზიციურ სუბიექტს შორის განაწილდა, აქედან ყველაზე მეტი – 36 მანდატი ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ ერგო. თუმცა დღეისთვის ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პარტიული სიების გაუქმება მოითხოვა. იგივე ნაბიჯს ისინი პარლამენტში გასული სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც ელიან, რომლებიც ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

ამასთან, არც მმართველი ძალა, არც ოპოზიცია მოლაპარაკების მომდევნო, მეხუთე რაუნდში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა როდის შედგება ეს რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე უარის თქმას არ აპირებს და გაზაფხულიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას აანონსებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ ამ აქციების შედეგად “ბიძინა ივანიშვილი იძულებული იქნება რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“. ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით იგივე გეგმებს „მთავარი ოპოზიციური ძალა“ ოპოზიციაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში არაერთხელ ადგენდა, თუმცა მისი განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.