საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული მორიგი შეზღუდვების მოხსნის გეგმა 24 თებერვალს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. საბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას მისმა ახალმა თავმჯდომარემ, ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა.

„წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმას. პირველი: სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. ხოლო სამთო კურირტებზე არსებული საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება“, – განაცხადა პრემიერმა.

25 თებერვლიდან ასევე აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 1-ლი მარტიდან რესტორნების შიდა სივრცეები გაიხსნება ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მოცულობით, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით განახლდება.

1-ლი მარტიდან დაგეგმილია სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა, ბიბლიოთეკების და მუზეუმების საქმიანობის განახლება. ამასთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების აუცილებელი პირობა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირება იქნება.

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული და ლაბოტატორიული მეცადინეობები 1 მარტიდან აღდგება, ხოლო აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. სასკოლო წრეებიც 15 მარტიდან გაიხსნება.

რეგულაციების სრული დაცვით 15 მარტიდან მუშაობის აღადგენენ სპორტული დარბაზები, რეპეტიციებს და ვარჯიშებს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები, ხოლო მაყურებელთა დასწრებით თეატრალური წარმოდგენების და სპორტული შეჯიბრებების გამართვას 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.

ასეთი თამამი გადაწყვეტილებების მიუხედავად, ძალაში კვლავ რჩება მთავარი შეზღუდვა, რომელიც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს, – კომენდანტის საათი და საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების აკრძალვა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე შემსუბუქდა ქვეყანაში ვიზიტირების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს პისიას-ტესტის უარყოფოთი პასუხის შემთხვევაში საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლის უფლება ჰქონდათ, კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა. მათ შორისაა რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი,

უკრაინა და ყაზახეთი. დღემდე ასეთი უფლება ჰქონდათ ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრინატეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის და თურქეთის მოქალაქეებს.

ამასთან, მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზრუდვები ისევ დაწესდება.

„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ მომავალში ასეთმა გახსნამ ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. ეს რისკი ყოველთვის არსებობს, და ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა იმ ბიზნესმაც უნდა გაიზიაროს, რომელსაც ვხსნით“, – განაცხადა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მან გააფრთხილა მოქალაქეებიც და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რონ არსებული რეგულაციების და სტანდარტების დაუცველობის შემთხვევაში მთავრობას კვლავ მოუწევს შეზღუდვების დაწესება, რადგან, მინისტრის თქმით, „ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მთავრობისთვის უპირატესია“.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მოსახლეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი იმ ჯგუფებში, სადაც ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. კერძოდ, ბაზრების მოვაჭრეებში და სკოლის პედაგოგებში ის 0,3%-ია, ტაქსის მძღოლებში – 0,5%, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებში – 0,2%, ხოლო რელიგიის მსახურებში – 0,9%.

ინფიცირების ზოგად მაჩვენებელს რაც შეეხება, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 19 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა, საიდანაც მხოლოდ 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა დღეისთვის 269 438-ს შეადგენს. 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 2,33-ია. ის ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც 3%-ს აღწევს, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (0,5%).

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა მთლიანმა რაოდენობამ კი 3463-ს მიაღწია. 24 თებერვლის მდგომარეობით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,2%-ს შეადგენს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკური პერიოდი 15 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე იყო და ინციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 10 დეკემბერს დაფიქსირდა. ხოლო დღევანდელ შემთხვევათა რიცხვი 10-ჯერ არის შემცირებული.

მისივე შეფასებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილურდება, თუმცა დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა

მოსახლეობას ყველა რეკომენდაციის შესრულებისკენ, მათ შორის პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენდანტის საათის ეფექტურობაზე და მისი ძალაში დატოვების მიზეზებსა და აუცილებლობაზე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, კომენდანტის საათი იყო ძალიან ეფექტური მოსახლეობის მობილობის კონტროლისთვის.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და ამდენად მისი შენარჩუნება ჯერჯერობით მნიშვნელოვანია. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა არ არის იდეალური მდგომარეობა“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა იმ მდგომარეობის შენარჩუნება, რასაც შეზღუდვების დაწესების შედეგად მიაღწიეს.

შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოხერხდება თუნდაც დღეს არსებული ეპიდვითარების შენარჩუნება, განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეზღუდვების ნაწილი საქართველოში 8 თებერვალს და 15 თებერვალსაც მოიხსნა. განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა სკოლები, ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, რესტორნების და სხვა კვების ობიექტების ღია სივრცეები. თუმცა ისევ ძალაში რჩებოდა კომენდანტის საათი და უქმე დღეების შეზღუდვა: შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც და ობიექტების უმეტესობაც არ მუშაობდა. ეს ბოლო აკრძალვა 8 მარტიდან მოიხსნება და ყველა არასასურსათო სავაჭრო ობიექტი უქმე დღეებშიც იმუშავებს.