საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოხატა და ამასთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების შესახებ საზოგადოებას 14 იანვარს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ აცნობა. მანამდე კი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ლიდერებმა ასეთი შესაძლებლობის შესახებ არაერთი განცხადება და განმარტება გააკეთეს.

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებლის და ლიდერის ჟურნალისტ ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისია, „გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 13 იანვარს, ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „მოქალაქეები“ ელოდებიან სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც საკუთარი პირობების დაყენებას და შეთანხმების მიღწევას აპირებენ. ამას კი, მათ შორის უცხოელი დიპლომატების მიმართ პატივისცემის გამოც აკეთებენ, რომლებმაც, ელისაშვილის განცხადებით, დიალოგის პროცესის გამართვაში „უზარმაზარი შრომა ჩადეს“.

როგორც ცნობილია, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი დაპირისპირების და კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც გამოწვეული იყო ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაყალბებულად დამოცხადებით და მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ინიციატივით და ხელშეწყობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო და ახალ წლამდე მოლაპარაკებების ოთხი რაუნდიც ჩატარდა. თუმცა მეხუთე რაუნდის შეხვედრა ჯერჯერობით ფერხდება და მისი თარიღი დადგენილი არ არის.

დიალოგის პარალელურად ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში შესვლაზე საბოლოო უარი განაცხადა და საკუთარი პარტიული სიებიც ცესკოს რეგისტრაციიდან მოახსნევინა. ამ ოპოზიციის ნაწილის უპირობო ლიდერი და მოქმედებების განმსაზღვრელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

გაერთიანებულ ოპოზიციას თავიდანვე გაემიჯნა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც საპარლამენტი არჩევნებს ასევე გაყალბებულად მიიჩნევდა, მანდატებზეც უარი განაცხადა, თუმცა პარტიული სიები რეგისტრაციიდან არ მოხსნა. ამის შედეგად კი პარლამენტს გარეთ დარჩა პარტიული სიის პირველი სამი წევრი, პარტიის ლიდერები

ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, რომელთაც დეპუტატის მანდათი ერგო. სიის მეოთხე ნომერმა, უპარტიო ბიზნესმენმა და პარტიის შემომწირველმა ავთანდილ ენუქიძემ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს და პარლამენტში მუშაობას შეუდგება, რასაც ხელისუფლებასთან ბრძოლის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაგრძელების სურვილით ხსნიდა.

„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა… ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით ყველას თავისი აზრი აქვს“, – განაცხადა მაშინ ავთანდილ ენუქიძემ.

შემდგომში ასეთივე გადაწყვეტილება ალიანსის პარტიული სიის კიდევ სამმა წევრმა მიიღო და საბოლოოდ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური დეპუტატი გაჩნდა. მათ შორის ერთი, ფრიდონ ინჯია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დანარჩენი ორი კი – უპარტიო ბიზნესმენები და პარტიის შემომწირველები იყვნენ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი პარტიის ლიდერებთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პარტიას დატოვებდნენ და ახალ პარლამენტში ისინი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები არ იქნებიან. შესაბამისად, ოთხმა ახალმა დეპუტატმა საპარლამენრო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

ამასობაში ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი მოვლენა მოხდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას ჯერ ღია წერილით აცნობა, შემდეგ კი სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა. ოლიგარქის თქმით, ის ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და წესს უბრუნდება და გზას ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უთმობს. მისივე განცხადებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მის მიერ შექმნილ პარტიას, რომელიც მან უკვე საბოლოოდ მიატოვა, არაფერი ემუქრება, თუმცა მომავალში საქართველოში აუცილებლად გაჩნდება ნამდვილი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა, რომელიც შემდგომში კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოვა, „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის ნაწილის გააქტიურება სწორედ ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ მოხდა.

14 იანვრის შეხვედრაზე „მოქალაქეების“ და „გირჩის“ ლიდერებმა შემდგომი მოქმედებების გეგმაც შეათანხმეს. როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის

შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ისინი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდებიან. თუმცა, თუ დიალოგი ამჯერადაც არ შედგება, მოიფიქრებენ, როგორ უნდა იმოქმედონ.

მეტიც, ელისაშვილის აზრით, პარლამენტში შესვლა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც უნდათ, და ისინი ამისთვის სხვადასხვა გზას ეძებენ. „ყველა ეძებს გზას როგორ გამოვიდეს თავისი სიტყვისა და რიტორიკის ტყვეობიდან. დავეხმარებით მათ აქედან გამოსვლაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

უახლოეს მომავალში „მოქალაქეების“ და „გირჩის“ ლიდერები არჩევნებში ბარიერგადალახულ ყველა პარტიას ცალ-ცალკე შეხვდებიან და შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

„გირჩს“ დანარჩენი ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შემოთავაზებაც აქვთ. თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია ჯამურად მმართველ გუნდზე მეტ ხმას მიიღებს, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნოს. 14 იანვრის შეხვედრაზე ეს ინიციატივა „მოქალაქეებმაც“ მოიწონეს. როგორც ცნობილია, ოპოზიცია ხელისუფლებისგან სწორედ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.

პირველ შეხვედრას ამ ინიციატივის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან გეგმავენ, რომელმაც ადრე პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა დაუშვა, რის გამოც დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და უკან დაიხია. შემდეგი იქნება „ლელო“. ელისაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შეხვდებიან, თუ ისინი ამ შეხვედრაზე დათანხმდებიან. მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთანაც“ გეგმავენ.

რაც შეეხება „გირჩს“, არჩევნების შემდეგ, სადაც პარტიამ ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, ლიდერებს შორის ბზარი გაჩნდა და უთანხმოება დაიწყო, რის შედეგადაც „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტია დატოვა და მსგავსი სახელწოდების ახალი პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლება” დააფუძნა. ალექსანდრე ელისაშვილმა შეთანხმებას „გირჩის“ ძველ შემადგენლობასთან მიაღწია, რომელსაც არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა უნდოდა.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, „ვიღაცეები რომ შევიდნენ პარლამენტში ან ვიღაცეები შეიტყუონ, ეს არაფერს ცვლის, რადგან ეს პარლამენტი არის კარიკატურა, და ბოიკოტი უკვე შედგა“. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ისევ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, რომელიმე პარტიის პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ჯაფარიძე ელისაშვილის და ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ტრაგიკულად არ

უყურებს და მიიჩნევს, რომ ელისაშვილი „ყოველგვარი წინადადებების გარეშე პარლამენტში არ შევა“.

„მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა და მგონია, რომ ეს ნორმალურია“, – განმარტავს ჯაფარიძე, რომელიც ჯერჯერობით ამ ინიციატივას არ უერთდება.

ოპოზიციის ნაწილის ეს გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს „ქართულ ოცნებაში“ და „მოქალაქეებს“ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვისკენ მოუწოდეს.

დადებითად აფასებს ოპოზიციაში დაწყებულ პროცესებს ექსპერტთა ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის მიუხედავად პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლას მაინც ელოდებოდა. მათივე აზრით, ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ტყვეობაში აღმოჩნდა და ახლა ამ ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევს.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, თავდაპირველად ის ოპოზიციის პროტესტს მხარს უჭერდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის საკითხი გაჩნდა, მისი პოზიცია შეიცვალა.

მისივე აზრით, ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული წინადადება პარლამენტში შესვლის საშუალებად უნდა გამოეყენებინა, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, ახლა კი უკვე „ძალიან გვიანია“.

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ დანარჩენ ოპოზიციასთან შეხვედრები და მმართველ ძალასთან დიალოგის კიდევ ერთი რაუნდი ელის. თუმცა თუკი დანარჩენ ოპოზიციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, პარლამენტში ისინი მაინც შევლენ.

„პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე“, – განმარტავს ელისაშვილი.

ამით კი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი ოპოზიციური პარტია გაჩნდება, რომელიც საკუთარი ფრაქციის შექმნასაც შეძლებს. მმართველი ძალა კი დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცებს, რომ 2020 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ნამდვილად „მრავალპარტიული“ პარლამენტი აირჩია.